VIII კლასი


უკანა რიგი : ვიად კოტრიკაძე (სპორტი); ანა ავაკოვა (რუსული ენა); ეკატერინე წულაძე (ფიზიკა);  ლაშა ბეჟანიშვილი (ისტორია); სოფიო ჩხეიძე (მათემატიკა); ნინო მღებრიშვილი (ფსიქოლოგი); 

წინა რიგი: ლიკა ნიჟარაძე (მუსიკა); თეა ჯაფარიძე (საბუნებისმეტყველო მეცნიერება); ნინო გელაშვილი (სპორტი). 


2017 წელს ამერიკული აკადემიის საბაზო საფეხურს მერვე კლასის პროგრამა დაემატა. 

ამერიკული აკადემიის ახალი პროგრამის მიზანია მოსწავლეების სოციალურ-ემოციური და კოგნიტური ზრდა-განვითარების ხელშეწყობა, და იმ გამოწვევებისა და სირთულეებისათვის სათანადო მომზადება, რომლებიც მეცხრე კლასში სწავლის დროს მათ წინაშე დგება.

სწავლების მეთოდოლოგია ჰარკნესის მეთოდისგან განსხვავებულია, თუმცა ჯგუფური მუშაობა, ინტერაქტიური გაკვეთილები და პროექტზე დაფუძნებული სწავლება გაკვეთილების განუყრელი ნაწილია. 

განსაკუთრებულად ხაზგასასმელია სადამრიგებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს სწავლის უნარ-ჩვევების განვითარების კარგად ჩამოყალიბებულ კურიკულუმს და მიზნად ისახავს მოზარდების ისეთი პრობლემების გამოვლენას, რომლებიც ამ ასაკში სოციალურ-ემოციურ განვითარებასა და ზრდას უკავშირდება. აქვე აღსანიშნავია აკადემიური დახმარების პროგრამა, რომელიც არა მხოლოდ აკადემიური პრობლემების მქონე მოსწავლეების დახმარებას ითვალისწინებს, არამედ მოსწავლეების კლასგარეშე აქტივობებისა და მათი სხვადასხვა სფეროსადმი ინტერესის გაღვივება-განვითარებას დაუთმობს მნიშვნელოვან დროს.

ამერიკული აკადემიის VIII კლასში სწავლება მიმდინარეობს ეროვნული სასწავლო  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მეორე მეოთხედიდან გარკვეული საგნების სწავლება ინგლისურად იწყება, მეოთხე მეოთხედის დასაწყისისათვის კი ყველა საგნის სწავლება ინგლისურ ენაზე გაგრძელდება. 

მერვე კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვა კონკურსის წესით მოხდება, კერძოდ, მოსწავლეები ტესტირებას გადიან ინგლისურ ენაში უნდა, მათემატიკასა და ქართულ ენაში. ბოლო ეტაპზე მოსწავლეები გასაუბრებას გადიან მიმღებ კომისიასთან.  


აკადემიურ პროგრამებთან ერთად, შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის შინაგანაწესს.

ქართული ენისა და ლიტერატურის კურსის მიზანია გაუღრმავოს მოსწავლეებს ქართული ლიტერატურის ცოდნა. სხვადასხვა ლიტერატურული მიმდინარეობის გაცნობა, მხატვრული ტექსტების სიღრმისეული შესწავლა, დაეხმარება მოსწავლეებს ცალკეული მწერლების მხატვრული მეთოდის სპეციფიკის გარკვევაში. ქართული ლიტერატურის მსოფლიო კულტურის კონტექსტში მოაზრება. გრამატიკული საფუძვლების შესწავლა დაეხმარება მოსწავლეებს ცალკეული მწერლების მხატვრული მეთოდის სპეციფიკის გარკვევაში. კურსის ბოლოს მოსწავლეს ექნება ტექსტის მართლწერის ნორმების მიხედვით გამართვის უნარი და სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებბის კრიტიკულად გააზრებისა და განხილვსი უნარ - ჩვევა. 


ანა აბაშიძე, ქართული ენის პედაგოგი: ბაკალავრის დიპლომი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2007; მაგისტრის დიპლომი შედარებით ლიტერატურაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2016. დაინიშნა 2017 წელს.

კურსის მთავარი მიზანია, მოსწავლეებმა არა მხოლოდ მიაღწიონ წარმატებებს სასწავლო წლების მანძილზე, არამედ გარკვეულწილად გადააჭარბონ მოლოდინებს და მეცხრე-მეთორმეტე კლასებში თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინონ. ყოველივე ამისათვის მერვე კლასის ინგლისურის პროგრამა შეუქმნის მყარ საფუძველს გრამატიკაში, ლექსიკაში, ასევე კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაში. ეს უნარები მოსწავლეებს დასჭირდებათ საიმისოდ, რომ მომავალში ინგლისურ ენაზე გამართულად შეძლონ წერა, კითხვა და საუბარი ყველა საგანში. კურსის დამატებითი მიზანია განავითაროს ბავშვებში აკადემიური და მოქალაქეობრივი უნარები, რომლებიც მათ სასწავლებლის ფარგლებს გარეთაც გამოადგებათ.


კენეთ პ. გოფი, ინგლისური ენის პედაგოგიბაკალავრი (საშუალო სკოლის ინგლისურის განათლება), ვაიომინგის უნივერსიტეტი, 1986; მაგისტრი (ინგლისური ენა და ლიტერატურა), ვაიომინგის უნივერსიტეტი, 1996. დაინიშნა 2014 წელს. 

რუსული ენის კურსი სასწავლო წლის დასაწყისში მიზნად ისახავს რუსული ენის გრამატიკის სისტემურ მიმოხილვას (მნიშვნელოვანი საბაზო ელემენტების გამეორება, კონცენტრირება ბრუნვის ფორმებსა და ზმნის უღლებაზე). კურსი ავითარებს როგორც ზეპირ, ასევე წერით უნარებს. მხატვრული ტექსტები დაეხმარება მოსწავლეებს ლექსიკის გამდიდრებაში და იქნება გამოყენებული დისკუსიის, წერითი დავალების და სავარჯიშოების საფუძვლად. მათი მეშვეობით ვიმუშავებთ ოთხივე უნარის განვითარებაზე (წერა, კითხვა, მოსმენა, ლაპარაკი). განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული სახელთა ბრუნებაზე, ზმნის ასპექტსა და მოქმედების გამომხატველ ზმნებზე. მოსწავლეები შეძლებენ გრამატიკული ნორმების დაცვით საკუთარი აზრის გამართულად გამოხატვას რუსულ ენაზე. 


ანნა ავაკოვა, რუსული ენის პედაგოგი: დოქტორის ხარისხი რუსული ლიტერატურის ისტორიაში, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, 2005; მაგისტრის დიპლომი ინგლისურ ენაში, თბილისი, 2011. დაინიშნა 2017 წელს.


ალგებრა და გეომეტრია უმნიშვნელოვანესი საგნებია როგორც „აზრობრივი სილამაზის“ თვალსაზრისით, ასევე მათი პრაქტიკული დანიშნულება-გამოყენების მიხედვით. ამ კურსში რამდენიმე უმთავრესი კონცეფცია და თეორემა იქნება წარმოდგენილი. განსახილველი მათემატიკური საკითხები მოიცავს ალგებრულ წილადებს, წრფივ ერთმარცვლიან განტოლებებს, ორცვლადიან წრფივ განტოლებათა სისტემის ამოხსნის სხვადასხვა მეთოდს; სამკუთხედებისა და ოთხკუთხედების კლასიფიკაციასა და თვისებებს, წრეწირებს და ა.შ. შემოთავაზებული კურსის ძირითადი მიზანია შევისწავლოთ, თუ როგორ „გადავთარგმნოთ“ ცხოვრებისეული პრაქტიკული ამოცანები ალგებრა-გეომეტრიის ენაზე და შემდეგ ამოვხსნათ ისინი მათემატიკური მეთოდების გამოყენებით.


სოფიო ჩხეიძე, მათემატიკის პედაგოგი: ბაკალავრი (ეკონომიკა), დიფოს უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; 2013; მაგისტრი (განათლების ადმინსიტრირება), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2015; დაინიშნა 2020 წელს.  

მოცემული კურსი მოიცავს სხვადასხვა თემებს ქიმიასა და ბიოლოგიაში. პარალელურად, მოსწავლეები გაიმდიდრებენ აკადემიურ და ტექნიკურ ლექსიკას, რომელიც აუცილებელია წარმატების მისაღწევად აღნიშნულ დისციპლინებში. ამ კურსის მეშვეობით მოსწავლეები შეძლებენ სამეცნიერო ფაქტებისა და მონაცემების მოძიებას, გაანალიზებასა და ინტერპრეტირებას. დავალებები შედგება სავარჯიშოებისა და თვალსაჩინოებებზე დაფუძნებული აქტივობებისგან. ზეპირი პრეზენტაციები მოსწავლეებს დაეხმარება არგუმენტაციისა და დებატების უნარ-ჩვევების განვითარებაში.


თეა ჯაფარიძე, ქიმიისა და ბიოლოგიის პედაგოგი: ბაკალავრის დიპლომი უჯრედულ ბიოლოგიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1991; მაგისტრის დიპლომი ბიოლოგიურ მეცნიერებებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2000. დაინიშნა 2017 წელს.

ელენე ჯავახიშვილი, ბიოლოგიის პედაგოგი: ბაკალავრის დიპლომი ბიოლოგიაში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, 2020; ამჟამად სწავლობს მაგისტრატურაზე გამოყენებით გენეტიკაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაინიშნა 2023 წელს.  

ეს კურსი კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და პრაქტიკული ცოდნის შეძენაზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე ვაცნობთ მოსწავლეებს მეცნიერული კვლევის მეთოდებს და მიდგომებს. ამაში მრავალფეროვანი დავალებები (როგორც ჯგუფური, ასევე დამოუკიდებელი), სამუშაოები გვეხმარება. კურსი მოიცავს შემაჯამებელ სამუშაოებს, ტესტურ დავალებას, პრეზენტაციას, არგუმენტირებულ ესეს და საკლასო მსჯელობას. ძირითადი სახელმძღვანელოს გარდა, ვიყენებთ ისტორიულ წყაროებს, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე. საზოგადოებრივ მეცნიერებათა კურსის მიზანია არა მხოლოდ დაეხმაროს მოზარდებს გაითავისონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება და განსაზღვრონ მისი ადგილი მსოფლიო კულტურათა კონტექსტში, არამედ სრულფასოვანი პიროვნებები აღიზარდონ.


ლაშა ბეჟანიშვილი, საზოგადოებრივი მეცნიერებების პედაგოგი: უმაღლესი განათლების დიპლომი (ისტორია), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2020. დაინიშნა 2021 წელს.

პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან და ეუფლებიან სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ელემენტებს, გამომსახველობით ხერხებს, სხვადასხვა ტექნიკას, მასალას და პროცედურებს. მოსწავლეები ავითარებენ სხვადასხვა მოტივის ზეგავლენით წარმოშობილი იდეებისა და ჩანაფიქრების ხორცშესხმის უნარს, რისთვისაც იყენებენ წარმოსახვას, დაკვირვების უნარს, მასალისადმი შემოქმედებით მიდგომასა და სწავლის პროცესში მიღებულ ცოდნას. კურსი ითვალისწინებს საკლასო და საშინაო დავალებებს. ასევე ინდივიდუალურ დავალებებს, წყვილში მუშაობას და ჯგუფურ პროექტებს; საერთო სასკოლო პროექტებს (მაგალითად, დრამის კლუბთან ერთად საერთო სამუშაოს სპექტაკლის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებზე). წლის ბოლოს ეწყობა გამოფენა. 


ეკა ჩიგოგიძე, ხატვის მასწავლებელი: მხატვარი-დიზაინერი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, 1985; მოსკოვის სტროგანოვის სახელობის სამხატვრო ინსტიტუტის ასპირენტურა, 1991. დაინიშნა 2014 წელს.

მუსიკის საგანი წარმოადგენს ერთწლიან შესავალ კურსს, რომლის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან ელემენტარული მუსიკალური თეორიის, ლიტერატურისა და ისტორიის ძირითად საკითხებს. ამ საკითხების ცოდნა იძლევა მსოფლიო კლასიკის შედევრების გაცნობიერებული აღქმის შესაძლებლობას და სამომავლოდ მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში ეხმარება მოსწავლეებს. გაკვეთილი ტარდება კვირაში ერთხელ.


ლიკა ნიჟარაძე, მუსიკის მასწავლებელი: უმაღლესი განათლების დიპლომი (საშემსრულებლო ფაკულტეტი, ფორტეპიანო), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1979; მაგისტრი (საშემსრულებლო ფაკულტეტი, ფორტეპიანო), 1984; დაინიშნა 2014 წელს.

კურსი ფარავს ფიზიკური სამყაროს ფუნდამენტურ პრინციპებსა და პროცესებს. მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტუდენტებს გავაცნოთ, თუ რა არის ფიზიკა და რა მიზანს ემსახურება ის. კურსი მოიცავს მოძრაობის, ძალების, ენერგიის, სითბოსა და ელექტრობის ძირითად კონცეფციებს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტებს უნდა შეეძლოთ აღწერონ და ახსნან ფიზიკური ცნებები და შემდეგ გამოიყენონ ეს კონცეფციები ამოცანების ამოხსნის, ფიზიკური მოვლენებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ასახსნელად.


ლელა სისაური, ფიზიკის მასწავლებელი: უმაღლესი განათლების წითელი დიპლომი ( რუსული ენა და ლიტერატურა), ა.ს.პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, 1987;  მაგისტრი (სოციალური ანტროპოლოგია), გოლდსმიტის  კოლეჯი, ლონდონის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი, 2003;  უმაღლესი განათლების დიპლომი (იურიდიული), BPP law school, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი, 2009; დაინიშნა 2021  წელს.